ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 170 წლისა და ფოთის სანავსადგურო ქალაქად გამოცხადების 155 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 2014 წლის 6 იანვარს ფოთში საქართველოს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული გამოფენა ჩატარდა.
საექსპოზიციოდ შერჩეული ფოტოების დიდი ნაწილი ნიკოლაძე-ღამბაშიძის კოლექციის ნაწილია და ასახავს ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ამ კოლექციის ფოტოები გადაღებულია ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ნიკოლაძის, დავით გურამიშვილისა და ვახტანგ ღამბაშიძის მიერ მე-19 საუკუნის 70-იან-მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.
1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ, გადასცა. ნიკოლაძეების კოლექციაში შედის 1958 წელს ალპური კლუბიდან მიღებული ნეგატივებიც. 2012 წლის დასაწყისში მედეა თაბუკაშვილმა არქივს ვახტანგ ღამბაშიძის მიერ გადაღებული ნინო პალტარაცკაიას დაკრძალვის კადრები, თბილისისა და სტამბოლის ხედები გადასცა. ამავე წელს პარიზში მცხოვრებმა რეზო და ნათელა ნიკოლაძეებმა არქივს ჩააბარეს ვახტანგ ღამბაშიძისა და გიორგი ნიკოლაძის მიერ გადაღებული 157 ნეგატივი მინაზე.