მაისი 595
en

მეფე ერეკლე II - 300

ერეკლე მეორის 300 წლის იუბილეს ეროვნული არქივი მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება

2020 წელს მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ამ თარიღს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება.

საქართველოს ეროვნულ არქივში მეფე ერეკლე მეორის მიერ გაცემული 1800-ზე მეტი ისტორიული საბუთი ინახება. ეს დოკუმენტები საქართველოს ისტორიაში ერთი-ერთ გამორჩეულ მეფეზე მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის. საბუთებს შორისაა: საქმიანი და პირადი წერილები, წყალობისა და შეწირულების სიგელები, განაჩენები, სახელმწიფოს პოლიტიკურ, სამხედრო, საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

ისტორიულ საბუთებთან ერთად ეროვნული არქივის ფონდებშია ერეკლე მეფესთან დაკავშირებული ხელნაწერები, მისი სტამბის გამოცემები, სხვა საარქივო დოკუმენტები.

2020 წელს ეროვნული არქივი გეგმავს საიუბილეო გამოფენებს თბილისსა და თელავის ისტორიულ მუზეუმში.

ამასთან, გამოქვეყნდება 2008 წელს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნის „ერეკლე II-ის საბუთები“ განახლებული და შევსებული ვერსია, რომელშიც ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებთან ერთად შევა სხვადასხვა აკადემიურ დაწესებულებაში დაცული ისტორიული საბუთები; ასევე გამოიცემა ალბომი „ერეკლე მეორე“, რომელიც მეფის შესახებ დღემდე მოღწეულ წერილობით წყაროებსა და მემორიალურ ნივთებს გააერთიანებს.

საქართველოს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები“ ერეკლე მეორის 300 წლის იუბილეს სპეციალური სექცია დაეთმობა, აგრეთვე გაიმართება სპეციალური სამეცნიერო სესია.

გარდა ამისა, დაგეგმილია ერეკლე მეორის მიერ გაცემული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის მომზადება და პრეზენტაცია; საჯარო ლექციები, ფეისბუქაქტივობები და საიმიჯო პროდუქციის დამზადება.