მარტი 548
en

თბილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველო

 

საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალურ საისტორიო არქივში დაცულია რუსეთის იმპერიის თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს ფონდი. ამ ფონდში გაერთიანებულ დოკუმენტთა შორისაა კარტოთეკა, რომელიც კავკასიის სხვადასხვა გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველოებში 1904-1917 წლებში შედგენილი 5000-ზე მეტი ბარათისგან შედგება.

თითოეული ბარათი შეიცავს ინფორმაციას ჟანდარმერიის მიერ დაკავებული ან ძებნილი პირის თაობაზე. კარტოთეკის ბარათებზე მოხვდნენ პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები, რევოლუციონერები, აგენტები, სხვადასხვა დანაშაულში ბრალდებული პირები,  მათ შორის ქალები და არასრულწლოვნები.

ბარათებში შეტანილია დეტალური მონაცემები პირთა ბიოგრაფიისა და ფიზიკური მახასიათებლების შესახებ,  ახლავს ფოტოსურათები და თითის ანაბეჭდები.

ბარათების უმეტესობა სრულყოფილადაა შევსებული, თუმცა ნაწილში მხოლოდ პირის სახელი და გვარია შეტანილი.

ჩანაწერები შესრულებულია რუსულ ენაზე, მცირე ნაწილს მოგვიანებით დამატებული აქვს ქართული მინაწერები.

ბარათები სტანდარტული ფორმატისაა, ზომა - 18,2X15,6 სმ, მასალა - მუყაო.

კარტოთეკაში გვხვდება გამონაკლისი შემთხვევებიც:

  • ერთი პირის შესახებ სხვადასხვა დროს შევსებული (ან ნაწილობრივ შევსებული) რამდენიმე ბარათი. ასეთ ბარათებს არქივის მიერ ერთი სააღრიცხვო ნომერი აქვს მინიჭებული და კატალოგშიც ერთ გვერდზეა განთავსებული;
  • ერთი პირის შესახებ ერთ ბარათზე მითითებული რამდენიმე სახელი და გვარი;
  • არასტანდარტული ფორმატის ბარათები.

წარმოდგენილ კატალოგში მონაცემები ბარათებიდან უცვლელად არის გადმოტანილი. ვინაიდან ზოგიერთ ბარათში ინფორმაცია შეცდომითაა შეტანილი და არ ემთხვევა კონკრეტული პირის რეალურ მონაცემებს, კატალოგში შესაძლებელია იყოს ცდომილებები. 

კატალოგი XX საუკუნის დასაწყისის ისტორიითა თუ კონკრეტული პირების ბიოგრაფიით დაინტერესებულ მკვლევარებს ჟანდარმერიის ბარათების გაცნობისა და კვლევაში გამოყენების საშუალებას აძლევს.

კატალოგის შევსება და ბარათების დამატება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.