მარტი 548
en

XVII-XVIII საუკუნეების ისტორიულ დოკუმენტებს რესტავრაცია ჩაუტარდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ისტორიულ საბუთებს რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდება.

XVII-XVIII საუკუნეების ოთხი ისტორიული დოკუმენტი გასული საუკუნის 60-იან წლებშია რესტავრირებული. ბოლო წლებში დოკუმენტების რესტავრაციის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრების შემდეგ რესტავრატორებმა საბუთების ხელახალი რესტავრაციისა და კონსერვაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ჩარევა კიდევ უფრო გაუხაგრძლივებს სიცოცხლეს ისტორიულ დოკუმენტებს.

დოკუმენტები, რომელსაც უახლოეს ხანში რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდება:

  1. 1639 წელი. საგარეჯოს შემოსავლის ნახევრის შეწირულების განახლების წიგნი თეიმურაზ I-ისა დავით გარეჯის მონასტრისადმი. ახლავს ხელრთვები: ,,მეფე თეიმურაზ“, ,,ხვარაშან“, ,,დავით“;
  2. 1680 წელი. ხორხელში მდებარე ყმა-მამულისა და  სამოსახლო ადგილის წყალობის წიგნი ერეკლე I-ისა წმინდა გიორგის დეკანოზ ოთარ თურქისტანიშვილისადმი. დამწერი მდივანი ქაიხოსრო. ახლავს ხელრთვა ,,ერეკლე“;
  3. 1792 წლის 20 სექტემბერი. ბრძანება ერეკლე II-ისა მაიორ  გაბრიელისადმი, ორჯერ ტყვეობიდან დახსნილი მოხისელი ხუროს, ივანეს, არტილერიაში ჩარიცხვის შესახებ,  სათანადო ჯამაგირითა და ულუფით;
  4. 1798 წლის 2 ივნისი. ქისტაურში ჩასახლებული ყმების წყალობის წიგნი გიორგი XII-ისა თავის ნათლულ ეშიკაღასბაშ ალექსანდრე მაყაშვილისადმი. თავში ახლავს ფერადი ხვეული თხზული ხელით შესრულებული ტექსტი.

ეროვნული არქივის რესტავრატორები საბუთებს გაწმენდენ, მოხსნიან ძველ სარეტავრაციო მასალას, გაამაგრებენ ტექსტს და საბუთების კიდეებს შეავსებენ შესაბამისი სარესტავრაციო ქაღალდით.

საქართველოს ეროვნულ არქივში XI-XVIII საუკუნეების 11 000-ზე მეტი ისტორიული საბუთის დედანი ინახება. პერიოდულად დოკუმენტების მდგომარეობა მოწმდება და საჭიროების შემთხვევაში სარესტავრაციო სამუშაოები უტარდება.