მარტი 548
en

საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული ქართველი ქალები - გამოფენა ეროვნულ არქივში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივის საგამოფენო დარბაზში დღეს გაიხსნა ექსპოზიცია „საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართული ქართველი ქალები“.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: ეროვნული არქივი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ქალთა საბჭო.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მე-19 საუკუნიდან დღემდე კავკასიასა და საქართველოში მოქმედი ქალთა ორგანიზაციების („კავკასიელ ქალთა საზოგადოება“, „ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება“, „ტფილისის ქართველ ქალთა საზოგადოება“;  წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან არსებული „ტფილისის ქალთა წრე“, „ამიერკავკასიის ქალთა კომისია“, „ქართველ ქალთა კომიტეტი“, „ქუთაისის ქალთა სწორუფლებიანობის ლიგა“ და სხვ.) საქმიანობის ამსახველი წერილობითი დოკუმენტები. აქვე წარმოდგენილია ამ პერიოდში საქართველოში ხელოვნების, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე ქალბატონების (ანასტასია წერეთელი, ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძე, დომინიკა ერისთავი-მდივნისა, მარიამ დემურია, ეკატერინე სუმბათაშვილი, ეკატერინე მიქელაძე, ელენე ბატონიშვილი, მაკინე ამირეჯიბი, ვარვარა ვორონცოვა-დაშკოვა, ბარბარე ორბელიანი-ოპოჩინინა, ანეტა ანდრონიკაშვილი, ნინო ანდრონიკაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ელენე ახვლედიანი, თამარ თავაძე, ნინო ჩხეიძე, მარჯორი უორდროპი, ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ბარბარე ყიფიანი, თამარ ჭავჭავაძე, ცეცილია წუწუნავა და სხვები) პირადი საქმეები და ფოტოები.
გამოფენა ერთ კვირას გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1.