მარტი 548
en

საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ - გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა.

ფინალურ ტურში მეორე ადგილზე ქარელის #2 საჯარო სკოლა, მესამეზე კი - თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა გავიდა.  

პრიზიორები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებმა - მიშელ რამიშვილმა  და ტიერი ბერიშვილმა დაასაჩუქრეს.

პროექტის ფინალური თამაში დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა. პირველ საპრიზო ადგილზე გასული სკოლის მოსწავლეები ლეპტოპებით, მეორე ადგილზე გასულები - პლანშეტებით, ხოლო მესამე პრიზიორები - ყურსასმენებითა და წიგნის მაღაზიის 50-ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. ეროვნული არქივთან ერთად, პროექტის გამარჯვებულთათვის პრიზები დაწესებული ჰქონდათ: იუსტიციის სამინისტრის სსიპ დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“. პროექტის მხარდამჭერი იყო, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

სპეციალური პრიზები გადაეცათ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის სკოლას, ასევე, თბილისის #203 საჯარო სკოლას.

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში მონაწილეობისათვის ქვეყნის მთელი მასშტაბით 374 სკოლა იყო რეგისტრირებული. პროექტის საწყის მონაწილეებს გადაეცათ 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების, მათ შორის ეროვნული არქივის გამოცემების, ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. თამაშებს “რა? სად? როდის?” საქართველოს კლუბი უძღვებოდა.

2018 წლის 26 აპრილს ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო. პროექტის ფინალში 73 საჯარო და კერძო სკოლის ის გუნდები მოხვდნენ, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს.

ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობა 70-მა გუნდმა მიიღო. იხილეთ შედეგები

სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.