აპრილი 548
en

ქუთაისის მიხეილის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ფონდი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია ქუთაისის მიხეილის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ფონდი, რომლის შესახებ ინფორმაცია ფონდების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში ქვეყნდება.
ქუთაისის მიხეილის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სამეურნეო-ეკონომიკურ განვითარებაში, გამორჩეული იყო მისი გავლენა დასავლეთ საქართველოს ქალაქების სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე. 
ქუთაისში საადგილმამულო ბანკის დაარსების ისტორია 1866 წლიდან იწყება. მასში ჩართული იყო მთელი დასავლეთ საქართველოს მოწინავე ინტელიგენცია: ბესარიონ და ნიკოლოზ ღოღობერიძეები, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი და სხვ. მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებდა თვალს ილია ჭავჭავაძე. 1873 წელს უკვე შედგენილი იყო ბანკის პროექტი ნიკოლოზ ღოღობერიძის მიერ. ბანკი ოფიციალურად გაიხსნა 1876 წლის პირველ მაისს. მას ხელმძღვანელობდა გამგეობა, რომლის თავმჯდომარედ პირველად არჩეული იქნა ბესარიონ ღოღობერიძე, ერთი წლის შემდეგ გამგეობა შეიცვალა და მისი თავმჯდომარე ნიკოლოზ ღოღობერიძე გახდა. ქუთაისის საადგილმამულო ბანკმა იარსება 1921 წლამდე.
ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია აღნიშნული ბანკის 8803 შესანახი ერთეული, რომლებიც სრულად ასახავენ აღნიშნული დაწესებულების საქმიანობას. ფონდში დაცული დოკუმენტები მრავალფეროვანია. მასში, უშუალოდ ბანკის მუშაობის არაერთ საინტერესო დოკუმენტთან ერთად, დაცულია მასალები ბანკში დაგირავებულ ქონებაზე და დამგირავებლებზე. აღნიშნული მასალიდან ყურადღებას იმსახურებს ცალკეულ შენობა-ნაგებობების გეგმები და პროექტები. მხოლოდ ქუთაისის შესახებ დაცულია 140 გეგმა-პროექტი, მათ შორის ისეთი დაწესებულებების როგორიცაა ქართული გიმნაზია, კინოთეატრი ,,რადიუმი”, რეალური სასწავლებელი და სხვ. ასევე დაცულია ბათუმის 51, სოხუმის - 45, ფოთის - 29, თბილისის - 84 შენობის პროექტი და სხვ. დიდი რაოდენობითაა ცალკეული ადგილ-მამულების გეგმები. საინტერესოა დოკუმენტები, რომლებიც ბანკის სხვადასხვა დაწესებულებასთან ურთიერთობას ასახავს.
ფონდში დაცული დოკუმენტების მცირე ნაწილია შესული სამეცნიერო ბრუნვაში. აღნიშნული ფონდის, ისევე, როგორც ეროვნული საარქივო ფონდის სხვა დოკუმენტების გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.