მარტი 548
en

ქართული ზღაპრების ახალი აუდიოჩანაწერები

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში ჩაწერილი 30-მდე ქართული ზღაპრის აუდიოვერსია ინტერნეტში თავისუფალი წვდომით განთავსდა.

არქივის მოწვევით ბავშვებისათვის ზღაპრები ქართული კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობებმა - რუსუდან ბოლქვაძემ, გია აბესალაშვილმა, ქეთევან ჩხეიძემ და რამაზ იოსელიანმა წაიკითხეს. ზღაპრები  მინიატურებით მხატვარმა ზაალ სულაკაურმა გააფორმა.

ახალი ჩანაწერები 2014 წელს დაწყებული პროექტის - „ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა“ - გაგრძელებაა. სამი წლის წინათ ეროვნულმა არქივმა საკუთარ ფონდებში დაცული, სტუდია „მელოდიაში“ 1960-80-იან წლებში ჩაწერილი 100-მდე ზღაპრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში თავისუფალი წვდომით გამოაქვეყნა. პროექტს დიდი დაინტერესება მოჰყვა, ამიტომ მისი გაგრძელება და ახალი ჩანაწერების შექმნა გადაწყდა.

ახალჩაწერილი ზღაპრები ეროვნული არქივის საიტზე - www.archives.gov.ge და სოციალურ ქსელებში ეროვნული არქივის ოფიციალურ არხებზე  - www.soundcloud.com და www.facebook.com-ზე განთავსდა. ზღაპრები CD  ფორმატშიც გამოიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის მაღაზიაში.

ზღაპრებთან ერთად მსახიობებმა ქართული დიაფილმის გახმოვანებაზეც იმუშავეს და 8 დიაფილმის ტექსტი ჩაწერეს. არქივში 150-ზე მეტი დიაფილმი ინახება და ამჟამად მათი ციფრული ვერსიები მზადდება. ტექსტების აუდიოვერსია ახალ სიცოცხლეს შესძენს 1960-80-იან წლებში პოპულარული მულტიპლიკაციური ფილმების ერთგვარ ნაირსახეობას. 

დიაფილმების გახმოვანებული ვერსიები ეროვნული არქივის www.youtube.com-ის არხზე აიტვირთა.