მარტი 548
en

„ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის“ პრეზენტაცია

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ახალი გამოცემის, „ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის“, პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დღეს გაიმართა.

წიგნში შესულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 100 ხელნაწერის სამეცნიერო აღწერილობა, რომლებიც შედგენილია ახალი სტანდარტებით. ხელნაწერთა შორისაა IX-XIX საუკუნეების სასულიერო და საერო ხასიათის ცალკეული თხზულებები და კრებულები, ქართული ორიგინალური და ნათარგმნი კრებულები, რომლებიც შესრულებულია ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კოლექცია, რომლის აღწერილობები ბოლოს 1950 წელს გამოიცა.

ხელნაწერთა ახალი სტანდარტებით აღწერის პროექტი 2014 წელს დაიწყო. ამ პროცესში გამოვლინდა ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე: პალიმფსესტური ფურცლები, ახალი ანდერძ-მინაწერები, სამეცნიერო წრეებისთვის კარგად ცნობილი ტექსტების შემცველი ახალი ხელნაწერები და ა.შ. ხელახლა გადაინომრა და აიკინძა ორმოცამდე ხელნაწერი, მათი ნაწილი გადათარიღდა და დაზუსტდა სათაურები; ცალ-ცალკე აღიწერა  ერთ ხელნაწერში გაერთიანებული სხვადასხვა ნუსხის ფრაგმენტი.

ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ხელნაწერთა აღწერილობების მეორე ტომზე.

ხელნაწერთა აღწერილობები შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ და მანანა ჭუმბურიძემ.