მარტი 548
en

მინის ფოტონეგატივები ელექტრონულ ფორმატში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული, სხვადასხვა ზომის მინაზე შესრულებული ფოტონეგატივები, რომელიც ეროვნულ საარქივო ფონდს მხოლოდ ამ ფორმატში შემორჩა, ციფრულ მატარებელზე გადავა და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ეროვნული არქივის ფოტოსაცავი მოიცავს ფოტოს პოზიტივებს, ნეგატივებს, სლაიდებს. ფოტოდოკუმენტების საერთო რაოდენობა 360 000-ს აღემატება, მათ შორის 28 187 მინის ნეგატივია, რომლის დასკანრების საშუალება ათეულობით წლების განმავლობაში არ იყო. 
ფოტოების ხელმისაწვდომობისათვის ეროვნულმა არქივმა სპეციალური აპარატურა შეიძინა, რომელიც ყველა ზომის მინის ნეგატივის პოზიტივზე გადატანის საშუალებას იძლევა. 
პირველ ეტაპზე დაიწყო ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების, ასევე, ვახტანგ ღამბაშიძის კოლექციის დასკანერება, რომელიც 1860-1938 წლების 2000-ზე მეტ ფოტოს მოიცავს. უნიკალური ფოტოების პოზიტივზე გადატანა გასულ საუკუნებში საქართველოსა და არამარტო ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ამსახველ კადრებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის. 
კოლექცია მოიცავს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ღირებულების ფოტოსურათებს. ფოტოების ანოტაციების მიხედვით, მასზე ასახულია 1900-იანი წლების თბილისი, ბათუმი, ფოთი, ბორჯომი, საქართველოს სამხედრო გზის სხვადასხვა მონაკვეთი, კულტურული ექსპედიციები. კადრები ასახავს 1920 წლის გორის მიწისძვრის შედეგებს, II ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტს საქართველოში, საქართვლოს დამფუძნებელი კრების სხდომას და სხვ.