მარტი 548
en

მედეა ჯაფარიძე - 90

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზში დღეს მედეა ჯაფარიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენება და გამოფენა გაიმართა.
კინოჩვენებას ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, მედეა ჯაფარიძის შვილი ლაშა თაბუკაშვილი, მსახიობის ოჯახის წევრები, კოლეგები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ლაშა თაბუკაშვილმა აღნიშნა, „ეს დედის გახსენების დღეა და მეამაყება, რომ აქ ამდენ ახალგაზრდას ვხედავ და მედეას შემოქმედება ქართველი მაყურებლისთვის ძალიან საყვარელია.

თეონა იაშვილის განცხადებით, „ქალბატონ მედეას არაერთი უკვდავი სახე აქვს შექმნილი როგორც კინოში, ისე თეატრის სცენაზე. სწორედ ამ როლების ამსახველი ფოტოები, ასევე, მსახიობის პორტრეტები, ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოები შევარჩიეთ დღევანდელი ექსპოზიციისთვის“.

ნაჩვენები იყო ფრაგმენტები მედეა ჯაფარიძის მონაწილეობით გადაღებული ფილმებიდან, რომელიც არქივს მსახიობის ოჯახმა გადასცა; ასევე, ნაწყვეტები ეროვნულ არქივში დაცული კინოდოკუმენტებიდან: „ქეთო და კოტეს“ გადაღება (1948), მედეა ჯაფარიძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე (1967), ქართული სიმღერისა და რომანსის საღამოზე მედეა ჯაფარიძე თამარ იშხნელთან ერთად (1984), სცენები სპექტაკლებიდან: „ოქროს კაცი ბეწვის ხიდზე“, „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“, „რომეო და ჯულიეტა“.

ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცულია ფოტომასალა იმ მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნებიდან, რომლებშიც მედეა ჯაფარიძე მონაწილეობს; აქვე  ინახება მსახიობის პორტრეტები, თეატრალური როლებისა და  ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოები.
კინოჩვენების პარალელურად მოეწყო ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილია ფოტოები მხატვრული ფილმებიდან: „ქალიშვილი გაღმიდან“, „კოლხეთის ჩირაღდნები“, „გიორგი სააკაძე“, „ჯურღაის ფარი“, „ქეთო და კოტე“, „მწვერვალთა დამპყრობნი“, „ეთერის სიმღერა“, „წარსული ზაფხული“, „იყო შაშვი მგალობელი“, „მზე შემოდგომისა“; დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს სცენები სპექტაკლებიდან: „მოკვეთილი“, „რომეო და ჯულიეტა“, „რიჩარდ მესამე“, „მარინე“, „მისი ვარსკვლავი“, „გიორგი სააკაძე“, „პიგმალიონი“, „ხეები ზეზეულად კვდებიან“, „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“, „ოქროს კაცი ბეწვის ხიდზე“; ასევე, ბიოგრაფიული ხასიათის ფოტოები.

სპეციალურად ღონისძიებისთვის მომზადდა გამოცემა, რომელშიც თავმოყრილია ექსპოზიციისთვის შერჩეული ფოტომასალა.