მარტი 548
en

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური ფონდის ელექტრონულ ვერსიას ეროვნული არქივი შექმნის

გეოლოგიური ფონდების საარქივო მასალის  დასკანერებას, საარქივო დოკუმენტების ელექტრონული რეესტრის შექმნასა და დაზიანებული დოკუმენტების რესტავრაციას ითვალისწინებს ხელშეკრულება, რომელსაც დღეს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ მოაწერეს ხელი. 

„გეოლოგიური ფონდი გახლავთ ჩვენი ერის დოკუმენტური მეხსიერების ერთ-ერთი უნიკალური ნაწილი. სწორედ ამიტომ დღეს ორ სახელმწიფო უწყებას შორის დაიწყო თანამშრომლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დედანი დოკუმენტები შენარჩუნებული იყოს პირველადი სახით, ჩაუტარდეს მცირედი რესტავრაცია, გარდა ამისა, ელექტრონული ბაზის მეშვეობით მოხდეს მათი ზუსტი აღრიცხვა და გაიზარდოს ხელმისაწვდომობა“, - აღნიშნა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ თეონა იაშვილმა.

თამარ ბაგრატიას განცხადებით, „გარემოს ეროვნულ სააგენტოს გეოლოგიურ ფონდში ინახება 1920-იანი წლებიდან დღემდე 20 ათასამდე გეოლოგიური ანგარიში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს 3 500 000-ზე მეტ გვერდს. სიძველის გამო უნიკალური დოკუმენტების  განადგურების საფრთხე არსებობს. ამ მასალაში არსებული ინფორმაციის ანალიზი ქვეყნის გეოლოგიური გარემოს მდგომარეობისა და მინერალური რესურსული სიმდიდრების განსაზღვრისათვის აუცილებელია“.

არსებული გეოლოგიური ფონდების ელექტრონულ ვერსიის შექმნით განადგურებას გადაურჩება ფასდაუდებელი ღირებულების ინფორმაცია, უფრო სრულყოფილი გახდება ქვეყნის მინერალური რესურსული ბაზა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ კუთხით საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების რაციონალურ მართვას.