მარტი 548
en

ეროვნული არქივი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს შექმნის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლების აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს შექმნის. 

ამ საკითხზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და დირექტორმა ბადრი მაისურაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა. 

მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული არქივი საოპერო და საბალეტო სპექტაკლების ჩანაწერებს საკუთარ ფონდებში შეინახავს. მკვლევართა დარბაზის მეშვეობით მასალა ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. გარდა ამისა, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ოპერის თეატრი არქივს გადასცემს სპექტაკლების აფიშებს, პროგრამებს და ყველა სხვა მედიამასალას. ამით, ერთი მხრივ, გაიზრდება ოპერის სახელმწიფო თეატრის დოკუმენტების დაცულობა და, მეორე მხრივ, გამდიდრდება ოპერისა და ბალეტის თეატრის საარქივო ფონდი, რომელსაც ეროვნული არქივი ინახავს. 

აღსანიშნავია, რომ არქიტექტორ ლერი მეძმარიაშვილის ინიციატივითა და ოპერის თეატრის სახელით ეროვნულ არქივს გადაეცემა 1974-79 წლების თბილისის ოპერის თეატრის შენობის აღდგენა-რესტავრაციის სრული საარქივო მასალა (გეგმები, ნახაზები, კონცეფცია და სხვა დოკუმენტაცია).