მარტი 548
en

ეროვნულ არქივში სტუდენტებმა სამთვიანი სასწავლო პრაქტიკა გაიარეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს სასწავლო პრაქტიკა დაასრულეს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. სამი თვის განმავლობაში ეროვნულ არქივში სასწავლო პრაქტიკას გადიოდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის IV კურსის 17 სტუდენტი.

ეროვნულ არქივში სტუდენტებისთვის შემუშავებული იყო სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებოდათ საისტორიო, უახლესი ისტორიის, კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტებისა და თბილისის ცენტრალურ არქივებში.

სტუდენტები ეცნობოდნენ: საარქივო დოკუმენტების ბიოლოგიური დაცვის ოპტიმალურ პირობებს; დოკუმენტების რესტავრაციისა და კონსერვაციის ტექნოლოგიებს; დოკუმენტების აღრიცხვის პრინციპებსა და კატალოგიზაციის მეთოდიკას; დოკუმენტებით სარგებლობისა და არქეოგრაფიული დამუშავების წესებს; მოქალაქეთა თემატური და სოციალურ-უფლებრივი შეკითხვების შესრულების მეთოდიკას; განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტების სადაზღვევო ფონდის შექმნის ორგანიზაციას; საქმისწარმოების საფუძვლებს.

ჩვიდმეტივე სტუდენტმა სასწავლო პრაქტიკის შემაჯამებელ ტესტირებაში დადებითი შეფასება მიიღო.