მარტი 548
en

ეროვნულ არქივში ცნობილი მოღვაწეების ჩანაწერების შექმნა გრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს საარქივო ფონდების შევსებას. გარდა თანამედროვე ავტორებისა და საზოგადო მოღვაწეების ფონოჩანაწერების შექმნისა, რაც უკვე მეორე წელია აქტიურად მიმდინარეობს ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში, ფონდები ივსება ვიდეოჩანაწერებითაც.

ამჯერად ეროვნული არქივის წარმომადგენლები სტუმრად ისტორიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, პროფესორ მარიამ ლორთქიფანიძეს ეწვივნენ და ფირზე აღბეჭდეს ქალბატონი მარიკა, რომელმაც საკუთარ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა. გაიხსენა  ურთიერთობის დეტალები ივანე ჯავახიშვილთან, სიმონ ჯანაშიასთან, ნიკო ბერძენიშვილთან, გიორგი ჩიტაიასთან, შოთა მესხიასთან და სხვა ქართველ მეცნიერებთან.

როგორც აუდიო, ისე ფონოჩანაწერებს ათწლეულების წინ შექმნილ მასალებთან ერთად შეინახავენ საცავებში. მომავალში ნებისმიერი პირი შეძლებს არქივის მიერ შექმნილ ფონდში მოიძიოს და გაეცნოს მისთვის საინტერესო მოღვაწის ვიდეო ან აუდიოჩანაწერებს.