მარტი 548
en

ეროვნულ არქივს რეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის კოლექცია შეემატა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებს ტელერეჟისორ მერაბ ჯალიაშვილის პირადი არქივი შეემატა.

რეჟისორის სატელევიზიო ფილმებისა და სატელევიზიო დადგმების კინოფირები და ვიდეოჩანაწერები, ფილმების სცენარები, აფიშები, საგაზეთო პუბლიკაციები, წერილები,  და სხვა დოკუმენტები არქივს მისმა შვილმა, დიმიტრი ჯალიაშვილმა გადასცა.

მერაბ ჯალიაშვილი (1931-1998) საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სატელევიზიო და კინორეჟისორი, ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებელია. 1956 წლის 30 დეკემბერს მან პირველმა გახსნა საქართველოს სატელევიზიო ეთერი. 1956-1998 წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურული რედაქციის უფროსი, მუსიკალურ გადაცემათა რეჟისორი, ლიტერატურული გადაცემების, სატელევიზიო დადგმების, სამეცნიერო-პოპულარული თუ სასწავლო პროგრამების რეჟისორი და მთავარი რეჟისორი.

კოლექცია 1950-1980-იანი წლების ფოტოდოკუმენტებსა და სატელევიზიო ფილმებს მოიცავს. მერაბ ჯალიაშვილის მიერ გადაღებულ ფილმებს შორისაა: პირველი სატელევიზიო დადგმა „ბებრები“, პირველი სატელევიზიო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დედის ხელი“; დოკუმენტური ფილმი „მღერის ბორჯომის ნაძვი“ (1961), რომელმაც რამაზ ჩხიკვაძის ადრეული კინოროლი შემოინახა. კოლექციაში დაცულია, აგრეთვე, ვერიკო ანჯაფარიძის მოგონება უშანგი ჩხეიძეზე და პირდაპირ ეთერში „ურიელ აკოსტას“ რეპლიკების გათამაშების უნიკალური კინოკადრები.

ფოტოკოლექცია აერთიანებს კადრებს სატელევიზიო დადგმებიდან: „თეთრი ღამეები“, „ოიდიპოს მეფე“, „რიჩარდ მესამე“, „მოკლა ადამიანი“ და სხვ.; ტელევიზიის თანამშრომლების, ასევე კინორეჟისორების, სცენარისტების, ოპერატორების, მსახიობებისა და შემოქმედებითი ჯგუფების სხვა წევრების პორტრეტებს, შემოქმედებითი საღამოების ამსახველ ვიზუალურ მასალას, თბილისში სატელევიზიო ფილმების VI ფესტივალის მიმდინარეობისა და სხვა კულტურული მოვლენების ამსახველ ფოტოებს.

საარქივო წესით აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ, მერაბ ჯალიაშვილის არქივი ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.