მარტი 548
en

1917-1921 წლების თბილისის თვითმმართველობასთან დაკავშირებით წიგნი გამოიცა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თბილისის ცენტრალური არქივის დირექტორის, მაკა კვარაცხელიას, წიგნის „ქალაქ თბილისის თვითმმართველობა“ პრეზენტაცია გაიმართა. 

საქართველოს საპარტიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მომზადებული გამოცემა საინტერესოა თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის და ზოგადად, საქართველოში საარჩევნო სისტემის ისტორიის მკვლევართათვის. მისი რედაქტორია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული. 

„ნაშრომში მიმოხილულია კონკრეტულ ისტორიულ მომენტში ქართული თვითმმართველობის ისტორია და დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ჩვენს რეალობაში საფუძველი ეყრება ნამდვილ თვითმმართველობას საქართველოში, სწორედ დროულია მისი გამოცემა“, - აღნიშნა პრეზენტაციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ. 

წიგნის ავტორის ინფორმაციით, კვლევა შეეხება 1917-1921 წლებში საქართველოს დედაქალაქის თვითმმართველობის მოწყობის საკითხს. გამოცემაში დიდი ადგილი უჭირავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში დანერგილი კანონმდებლობის მიმოხილვას, თბილისის სათათბიროს ხმოსანთა 1919 წლის 2 თებერვლის არჩევნებს. აქვე განხილულია პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნამდე რუსეთის დროებითი მთავრობის (1917 წლის მარტი-ოქტომბერი) მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციის მიზნით გატარებული საკანონმდებლო ღონისძიებები და თბილისის სათათბიროს ხმოსანთა 1917 წლის 30 ივლისის არჩევნები. 

კვლევა ეყრდნობა ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს, ასევე 1917-1921 წლების პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს (გაზეთები: „საქართველო“ (1917), „საქართველოს რესპუბლიკა“ (1918-1921); „ერთობა“ (1918-1921). ჟურნალები: „კავკასიის ქალაქი“ (1918 წლის 15 ნოემბერი - 1919 წლის 15 დეკემბერი), „ერობა და ქალაქი“ (1919 წლის 15 დეკემბერი - 1920 წლის 19 ივლისი), „ჩვენი ქალაქი“ (1920 წლის 19 ივლისი - 1921 წლის იანვარი). 

წიგნის პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა თბილისის თვითმმართველობასთან დაკავშირებული ფოტომასალის გამოფენა. 

წიგნის ელექტრონული ვერსიის ხილვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე, შემდეგ ბმულზე.