მარტი 548
en

ისტორია

„მატიანე განარჩევს კეთილსა და ბოროტსა, მატიანე ამაღლებს კეთილის ქმნულებასა და ჰგმობს უკეთურთ ქმნულებასა, მატიანე მეტყველებს ჭეშმარიტსა და არა სცბის და მოწმობს სხვათა და სხვათა, მატიანე განამხნობს და ერთგულ ჰყოფს ქვეყნისად, მატიანე აცნობს ნათესავთ შთამომავლობასა და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის და მოყვარულ ჰყოფს მოყვასისა მიმართ“.

ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი

 

„არქივი“ ლათინური სიტყვაა. პირველად გვხვდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში და ნიშნავს ადგილს, სადაც ინახება სახელმწიფო აქტები. ეტიმოლოგიურად იგი უკავშირდება ბერძნულ „არხეიონს“, რომელიც თავდაპირველად ნიშნავდა ადგილს, სადაც იმყოფებოდა ხელისუფლება, ხოლო შემდგომში ადგილს, სადაც ინახებოდა ოფიციალური დოკუმენტები.

არქივების წარმოშობა განაპირობა  წერილობითი დოკუმენტების გაჩენამ და მათი შენახვა-დაცვის აუცილებლობამ.

ძველ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ხელნაწერებს ინახავდნენ და იცავდნენ მათი შემქნელები, საერო და სასულიერო ხელისუფალნი - სამეფო კარი და რელიგიური ცენტრები. ყოველ ხელისუფლებას თავისთავად ჰქონდა  საშინაო და საგარეო ურთიერთობაში გარკვეული იურიდიული ნორმები და მათი ამსახველი დოკუმენტები, საკანონმდებლო აქტები, შემოსავალ-გასავლის დავთრები, ხელშეკრულებები, სიგელები, დიპლომატიური წერილები და ა.შ.

საქართველოს უძველესი პერიოდის არქივების შესახებ პირდაპირი და ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ არაპირდაპირი ცნობებით დასტურდება, რომ VI საუკუნეში არსებობდა სამეფო არქივი - საჭურჭლე, რომელიც განძთსაცავის გარდა, ასრულებდა საბუთსაცავის დანიშნულებასაც; იყო, ასევე, საეკლესიო და კერძო არქივები.

საქართველოში თანამედროვე არქივებს საფუძველი ჩაეყარა 1920 წლის 23 აპრილს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული კანონით რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსების შესახებ.

1921 წლის 1 ივლისს უკვე გასაბჭოებული საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დეკრეტი „საარქივო საქმის რეორგანიზაციის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, თითქმის შვიდი ათეული წლის განმავლობაში იმართებოდა საქართველოს სსრ საარქივო დარგი.

2004 წლიდან საარქივო დაწესებულება  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანების საფუძველზე კი ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეროვნული არქივი.

დღეისათვის მის უფლებამოსილებაშია საქართველოში საარქივო საქმის მართვა, საქმისწარმოების სრულყოფა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებაზე ზრუნვა.